Friday, November 4, 2016

ექსპრესიონისტული დრამები

ექსპრესიონისტულ დრამებში და ნოველებში არ გვაქვს რეალურად არსებული ადგი­ლები, სწორედ ეს არის აბსტრაგირება. მომხდარს ხშირად არ აქვს შეხება ისტორიულ მო­ვ­ლენებთან, იგი არ ასახავს ისტორიულ ყოფას. ხშირია დიქოტომიური კონსტრუქ­ცი­ების გამოყენება: „მამა და შვილი“, „მასა და ინდივიდი“, „სულიერება და ბიურგერული ცნობიერება“ და ა.შ. გმირებს ხშირად არ აქვთ სახელები და პერსონალური დახასია­თება: „შვილი“, „მამა“, „მეგობარი“, „დედა“, „ქალი“, „და“, „გოგონა“, „ექვსი კრიტიკოსი“ და ა.შ. თუკი გმირებს აქვთ კონკრეტული სახელები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გა­მოხატავენ ტიპიურ მენტალიტეტს. საყურადღებოა, რომ ექსპრესიონისტული დრამების გმი­რებს ნიღაბი ეკეთათ, როგორც საზოგადოებრივი არსებობის შენიღბვის სიმბოლური გამოხატულება. ნიღაბი გულისხმობს პერსონაჟის დეპერსონიზაციას. გმირი კონცეპტუ­ა­ლუ­რი აბსტრაგირების წყალობით გადალახავს სამყაროს რეალობას. ექსპრესიონისტი ავ­ტორები მიიჩნევენ, რომ რეალობა მათ უნდა შექმნან. კაზიმირ ედშმიდი წერდა: „რეა­ლო­ბა ჩვენგან უნდა შეიქმნას... მან უნდა აირეკლოს სამყაროს სურათი წმინდად და გა­უყალბებლად. რეალობა არის მხოლოდ ჩვენში“.  შინაგანად განცდის სა­შუ­ალებით უნდა მოხდეს ხელოვნებასთან დაახლოება. „ხელოვანი არის ხელი, რომე­ლიც ყოველი ღილაკით ადამიანის სულზე ვიბრირებს.“  მკითხველსა და ავ­ტორს შორის ხდება ემოციათა გაცვლა-გამოცვლა. ემოციური ფონის წამოსაწევად მნი­შვნელოვანია ჰიპერბოლა, აპოსტროფები, ელიფსები, აქვეა სიმახინჯის ესთეტიკა. ექსპ­რე­სი­ო­ნიზმი უბრუნდება წინარე ენობრივ ფორმებს, როგორც აფექტური მდგომარეობის გა­მომხატველს. ექსპრესიონისტულ ლიტერატურაში ნაჩვენებია აგრეთვე ტანჯვები, ვნე­ბე­ბი, ადამიანური შიში, სასოწარკვეთა- ეს არის ეგრეთწოდებული ლიტერატურული ფსი­ქო­პა­თოგრაფია. ტკივილების და შიშის ესთეტიკური გამოხატვა ხდება ყვირილით.
ექსპრესიონისტი დრამატურგები იშვიათად აძლევენ თავიანთ ნაწარმოებს ტრადი­ცი­ული დრამისთვის დამახასიათებელ ფორმებს. ექსპრესიონისტული დრამის ოთხი ტი­პი არსებობს:


1. გამოცხადების დრამა (Verkündigungs Drama )
2. ადგილმონაცვლე დრამა (Stationendrama)
3. პროტაგონისტული, პერსონაჟისეული დრამა. (Protagonist Drama)
4. გარდასახვის დრამა (Wandlungs Drama)

ტერმინი პროტაგონისტული დრამა აჩვენებს, რომ დრამაში არ არის ნათელი მოწინა­აღ­მდეგე (როგორც ეს კლასიკურ დრამებშია). პროტაგონისტი არის დისოცირებული „მე“, ვი­საც მთელი მსოფლიო უპირისპირდება, ამ ბრძოლაში კი ის მეტამორფოზას განი­ცდის. იშვიათად არის რეალური დიალოგი, პერსონაჟები საუბრობენ წარსულში, ამით და­კარგულია დრამატული ინტენსივობა. მიმდინარე მოვლენის სიმძაფრე არ განიხილე­ბა დიალოგებში. ხშირად დრამები მონოლოგის პრინციპით არის აგებული, მოქმედება კი სხვადასხვა ადგილას წარმოებს.
ექსპრესიონისტული დრამების უმრავლესობა თავდაპირველად იდგმებოდა საიდუ­მ­ლოდ, დახურულ ადგილებში, მათი მეამბოხური სულისკვეთების და პირველი მსოფ­ლიო ომის  დროინდელი ცენზურის გამო. ომის შემდგომ ექსპრესიონისტული მსოფლმ­ხე­დველობა აიტაცეს და შესაბამისად, ამ ტიპის დრამებიც პოპულარული გახდა. ექსპრე­სი­ონისტული დრამებიდან აღსანიშნავია ვასილ კანდინსკის „ყვითელი ჰანგი“ („Der gelbe Klang“), რომელიც აბსტრაქტული ხელოვნების უმაღლეს ნიმუშად შეიძლება ჩაით­ვა­ლოს. აქ გვაქვს გამომხატველობითი საშუალებების მრავალფეროვნება: მუსიკალური ჟღე­რადობა, გეომეტრიული ფორმების, ხაზების და ფერების მრავალფეროვნება. ცისფერ ფო­ნზე, სცენის შუაში დგას ყვითელი ბუმბერაზი, თეთრი, გაურკვეველი სახით და დი­დი, მრგვალი შავი თვალებით. ის ორივე მკლავს სხეულის გასწვრივ ნელა ათავსებს ( ხე­ლის ზედაპირი ქვევით აქვს მიმართული) და იზრდება სიმაღლეში. იმ მომენტში, როცა სი­მაღლით სცენას გაუსწრებს და მისი ფიგურა ჯვარს დაემგვანება, უეცრად ბნელდება. სცე­ნაზე მიმდინარე პროცესები მუსიკით არის გამოხატული. გოლიათის მიმიკა და მოქ­ცე­ვები ადამიანური ჟესტებისაგან განსხვავდება, ისინი გაუგებარია. საცეკვაო მოძრაობე­ბი ჯვარცმის სცენებს იმეორებს და მნიშვნელოვანი პროცესების უეცარ დასასრულს აღ­ნიშნავს.
ექსპრესიონისტულ ნაწარმოებს ახასიათებთ შოკისმომგვრელი, შემაცბუნებელი აბს­ტ­რა­ქ­ცია. აბსტრაქციის ტექნიკას ფაქტების მიღმა გავყევართ, ეს იწვევს მოვლენათა სინა­მ­დვილისგან დისტანცირებას.  გეორგ კაიზერის (1878-1945) დრამებში ამგვარი აბსტრაქ­ტუ­ლო­ბით არის გამოხატული სოციალური რუტინა, უაზრობა, გმირების ავტომატური, გა­უცნობიერებელი ქმედებები. კაიზერისეული აბსტრაქციონიზმი კრიტიკული პათო­სით, აზრით ივსება, რომლის ამოკითხვაც მაშინ იქნება  შესაძლებელი, თუკი მეტაფიზი­კურ ფონს გავითვალისწინებთ. განვიხილოთ ნაწყვეტი ერთ-ერთი მისი დრამიდან:

„ ქალი მოდის დედასთან.     ჩვენ დღეს კოტლეტები გვაქვს.
დედა.                                        ახლა წვავ?
ქალი.                                        კიდევ არის დრო. ჯერ კიდევ არ არის შუადღე.
პირველი ქალიშვილი.         სულაც არ არის ჯერ შუადღე.
ქალი.                                       არა, სულაც არ არის ჯერ შუადღე.
დედა.                                     როცა ის მოვა, იქნება შუადღე.
ქალი.                                     ის ჯერაც არ მოსულა.
პირველი ქალიშვილი.      როცა მამა მოდის, არის შუადღე.
ქალი.                                    კი.   


      ერთი შეხედვით, რუტინული სიტუაციის მიღმა გლობალური პრობლემაა გადმოცემუ­ლი. პერსონაჟები სიტყვაძუნწნი არიან, გაუცხოებულნი, რაც მათი დიალოგებიდანაც ჩანს. „ის“ რომელსაც ელოდებიან , შესაძლოა იყოს მხსნელი, მესია. ადამიანები ცდილო­ბენ ეგზისტენციალური კრიზისების დაძლევას და ეძებენ მხსნელს.

No comments:

Post a Comment