ექსპრესიონისტი შემოქმედები ქმნიან ახალ პოეტურ სტილს, რომელიც უკეთ წარმოაჩენს განცდების, შეგრძნებების გამომხატველ ხელოვნებას, ექსპრესიას.„ექსპრესიონიზმი არის ლირიკული ძალმოსილება, დრამატული ჟინი და არა ეპიკური სვლა“- ამ ფრაზით ალბერტ ზორგელი ექსპრესიონისტული ლირიკის და დრამის უპირატესობას აშკარას ხდის და უარყოფს რომანის ჟანრს. მკვეთრად შეიცვალა ენობრივი სტილი: უკუგდებულ იქნა არტიკლები, განსაზღვრებები. გვაქვს ელიფსური წინადადებები, არსებითი სახელების ჩამომწკრივების ტექნიკა. ექსპრესიონისტული ხელოვნება მაქსიმალურად ათავისუფლებს წინადადებას სინტაქსური წესებისგან. წინადადებები ვიწროვდება მანამ , სანამ მნიშვნელოვანი სიტყვები არ დარჩება. საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ექსპრესიონისტი თეორეტიკოსის, ლოთარ შრაიერის მაგალითი: „Die Bäume und die Blumen blühen“ („ხეები და ყვავილები ჰყვავის“). შემდეგ უფრო მოკლდება წინადადება: „Bäume und Blumen blühen“, ამის შემდგომ მხოლობით რიცხვშია გადაყვანილი არსებითი სახელები: „Baum und Blume blüht“. ამის შემდგომ წინადადება გრამატიკული კანონებისაგან თავისუფლდება : „Baum blüht blüht Blume “ ავტორი კონცენტრირებულია სიტყვაზე „blüht“.ექსპრესიონისტული პოეტიკური წესები, სიტყვების გრამატიკული წესებისაგან განთავისუფლება და სიჩქარის გამოხატვა, სათავეს იღებს მარინეტის ფუტურისტული მანიფესტიდან, რომელიც ხელოვნებაში გაბატონებული წესებისაგან მაქსიმალურ განთავისუფლებას გულისხმობს. აქ სიტყვის შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანია მისი ჟღერადობა, აკუსტიკა, რიტმი, მაღალი ტონალობა. გვაქვს აბსტრაგირების ტენდენცია. მოვლენები პროტაგონისტის ცნობიერებიდან არის დანახული- გვაქვს თხრობის „შიდაპერსპექტივა“. ასევე მოცემულია ქრონოტოპული მრავალმხრივობა- პერსონაჟები მოქმედებენ და გადაადგილდებიან როგორც რეალურ, ისე არარეალურ დრო-სივრცეში. შესაბამისად, ამბავი, რომელიც მოთხრობილია, ძირითადად ვითარდება პერსონაჟის ცნობიერების ფარგლებში და არა გარე სამყაროში.
Tuesday, October 25, 2016
გერმანული ექსპრესიონიზმის პოეტიკური მახასიათებლები (ლირიკა)
ექსპრესიონისტული მიმართულებები
ექსპრესიონიზმი იყოფა სამ მნიშვნელოვან მიმართულებად:1. პესიმისტური ექსპრესიონიზმი: კრიზისი ქმნის უიმედობის განცდას. რეალობის შეცვლა მხოლოდ მისი განადგურებით შეიძლება, ამიტომ აქ ხშირია აპოკალიფსური მომენტები. პესიმისტი ექსპრესიონისტები სახარებისეულ იოანეს გამოცხადებას ლიტერატურულად იაზრებენ და ამკვიდრებენ სამყაროს აღსასრულის იდეას. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს, ტექნიკურ პროგრესს და ბიურგერულ ცნობიერებას ბოლო უნდა მოეღოს. დასავლური ცივილიზაციის სულიერ-რელიგიური განახლება უნდა მოხდეს, ამისთვის კი საჭიროა განადგურდეს არსებული რეალობა.
Saturday, October 22, 2016
გერმანული ექსპრესიონიზმი: ისტორიული კონტექსტი და მსოფლმხედველობრივი საფუძვლები
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ევროპული ხელოვნება ცვლილებებმა მოიცვა. აღმოცენდა ახალი ავანგარდისტული სახელოვნებო მიმდინარეობები: კუბიზმი (საფრანგეთი), ფუტურიზმი (იტალია), იმაჟიზმი (ინგლისი, ამერიკა), კონსტრუქტივიზმი და სუპრემატიზმი (რუსეთი), ექსპრესიონიზმი (გერმანია), დადაიზმი (შვეიცარია, გერმანია), ყველა ეს მიმდინარეობა პირველად ფერწერაში შემოიჭრა, შემდეგ კი მოიცვა ხელოვნების თითქმის ყველა დარგი : ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, კინო.
Subscribe to:
Posts (Atom)