Saturday, October 22, 2016

გერმანული ექსპრესიონიზმი: ისტორიული კონტექსტი და მსოფლმხედველობრივი საფუძვლები



პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ევროპული ხელოვნება ცვლილებებმა მოიცვა. აღ­მოცენდა ახალი ავანგარდისტული სახელოვნებო მიმდინარეობები: კუბიზმი (საფრა­ნ­გეთი), ფუტურიზმი (იტალია),  იმაჟიზმი (ინგლისი, ამერიკა), კონსტრუქტივიზმი და სუ­პ­რე­მა­ტიზმი (რუსეთი), ექსპრესიონიზმი (გერმანია), დადაიზმი (შვეიცარია, გერ­მა­ნია), ყველა ეს მიმდინარეობა პირველად ფერწერაში შემოიჭრა, შემდეგ კი მოიცვა ხე­ლო­­ვნების თითქმის ყველა დარგი : ლიტერატურა, მუსიკა, თეატრი, კინო.

როგორც ცნობილია, მოდერნისტული ხელოვნება ებრძოდა პოზიტივისტურ- მატე­რი­ა­ლისტურ ცნობიერებას, დრომოჭმულ, საყოველთაოდ გაბატონებულ მიმეტურ-რეა­ლი­სტურ სახელოვნებო წესებს, ფრაგმენტულ, ქაოსურ სამყაროს და ადამიანის გაუც­ხო­ებას. ავანგარდისტული ხელოვნების, ამ შემთხვევაში გერმანული ექსპრესიონიზმის  მთა­ვარი მახასიათებელი იყო იდეალისტური რწმენა იმისა, რომ სამყაროს, საზოგა­დო­ების მეტაფიზიკური მოქცევა მხოლოდ ხელოვნებას შეეძლო.
ექსპრესიონიზმი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გერმანიაში აღმოცენდა. Expressio ლა­თინური სიტყვაა და გამოხატვას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად ფერწერაში გაჩნდა და გამოიყენებოდა კუბისტი და ფაუვისტი მხატვრების ნახატების დასახასიათებლად.  1911 წელს კი პუბლიცისტმა კურტ ჰილერმა (1885-1972) ეს ტერმინი ახალბედა ავანგარ­დი­სტული ლიტერატურის აღსანიშნავად გამოიყენა. 
ექსპრესიონიზმი გამოხატვის, აბსტრაგირებისაკენ ისწრაფვის. იგი წარმოადგენს არა სი­ნა­მდვილეს, არამედ პერსონაჟის მიერ განცდილს, გადატანილს, უარყოფს ფსიქოლო­გიზმს, ტექნიკურ პროგრესს და ამკვიდრებს ახალ ექსპრესიონისტულ გამოსახველობით ხე­რ­ხებს.
ექსპრესიონიზმი რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში ჩამოყალიბდა. ეს იყო რადიკალური ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური ცვლილებების ერა. 1870-71 წლებში პრუსიის მიერ საფრანგეთის დამარცხებამ ხელი შეუწყო ერთიანი გერმანუ­ლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, გერმანია საბოლოოდ გაერთიანდა. თუმცა არისტოკ­რა­­ტიულ მმართველ სამხედრო კლასს და მსხვილ ბურჟუებს შორის არსებულმა მსოფლ­მ­ხე­­დ­ვე­ლობრივმა შეუთავსებლობამ ნიადაგი მოუმზადა შემდგომში კონფლიქტების გა­მ­წვა­ვებას. მრავალეთნიკურ სახელმწიფოში უმცირესობები ( ჩეხები, პოლონელები, სლო­ვენიელები) ითხოვდნენ თავიანთი პოლიტიკური და კულტურული უფლებების დაცვას. ევროპის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული და­ძაბულობა გამწვავდა, ამას დაერთო მოუგვარებელი შიდა პრობლემებიც და ნაციონა­ლურ ნიადაგზე ამოზრდილი კონფლიქტებიც. მთელი მსოფლიო იმპერიალისტურმა მი­ს­წ­რა­ფებებმა შეიპყრო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის ნიადაგი მზადდება. მო­სა­ხ­ლეობის და ინტელექტუალების დიდი ნაწილი ენთუზიაზმით შეეგება ომს, რო­გორც ახალი წესრიგის დასაბამს.

ომი მათთვის აზრს მოკლებული ყოფიერების გამანად­გუ­რებელი იარაღი იყო, თუმცა რეალობამ მალე ჩააცხრო აღფრთოვანება. კრიზისის გრძნო­ბა უფრო და უფრო გაღრმავდა. საომარი მოწოდებები პაციფისტურმა განცხადე­ბებმა ჩაანაცვლა.

მსოფლიო ომის შემდგომ გერმანია გახდა რესპუბლიკური სახელმწიფო, მოხდა ნოე­მ­ბრის რევოლუცია, რომლის შემდეგაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები წარმოიშ­ვნენ: ცენტრისტები, სპარტაკისტ-კომუნისტები, უკიდურესი მემარჯვენეები (ჰიტლე­რის ფლანგი), რომლებიც სოციალ-დემოკრატიულ მმართველ პარტიას წინააღმდეგობას უწევდნენ, ეს ყველაფერი კი რესპუბლიკაში დესტაბილიზაციას იწვევდა. ამ ყველაფერს ხე­ლი არ შეუშლია გერმანიის ეკონომიკურ განვითარებაში. 1848 წლის მერე გერმანია გა­ხ­და მაღალინდუსტრიალური ქვეყანა. მე- 19 საუკუნის 50-60- იან წლებში მასიურად გა­და­დის მოსახლეობა ქალაქში, სადაც დასაქმების მეტი შანსებია. გერმანია აგრარული სა­ხე­ლ­მ­წი­ფოდან ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ინდუსტრიალიზაციის პრო­­ცე­სის ნაწილი იყო ტექნიკური გამოფენები, გაჩნდა სადაზღვევო კომპანიები. ქალა­ქად მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი ყოველ წელს საგრძნობლად იზ­რდებოდა, ამის გამო ქალაქები გადაიქცა მეტროპოლიებად. შეიცვალა ადამიანის ღი­რე­ბულებები, ცხოვრების სტილი: ძველი სატრანსპორტო საშუალებები ჩაააცვლა ავტო­მო­ბილმა, ტრამვაიმ, მეტროპოლიტენმა. ქალაქი ხმაურმა მოიცვა, ჰაერი ჭუჭყიანი გამო­ნა­ბო­ლქვით გაიჟღინთა, გაჩნდა ელექტროგანათებები. დრო თითქოს აჩქარდა, ვინაიდან აჩ­ქარდა ცხოვრების ტემპი. ამ ყველაფერმა ადამიანის სენსორული შთაბეჭდილებების გა­ღიზიანება გამოიწვია.
მწერლების ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა ცვლილებებს, ნაწილმა კი უარყოფი­თად აღიქვა. მიუხედავად მათი პოზიციების სხვადასხვაობისა, ფაქტია, რომ მეტროპო­ლია უზრუნველყოფს ავტორებს საჭირო ინფრასტრუქტურით: გაზეთები, ჟურნალები, კი­ნო­ე­­ბი, კაფეები, პრესა, გალერეები, ურბანული აუდიტორია მათ განკარგულებაშია. ქა­ლა­ქის ინდუსტრიალური განვითარება ხელს უწყობდა ხელოვნების ცენტრების შენე­ბას, ჩნდებოდა ახალი გამოცემლბები; ქალაქში მცხოვრებ ადამიანს შეეძლო განევითარე­ბი­ნა ინტელექტი. (Bogner 2005: 50)
მაშასადამე, ექსპრესიონიზმის, როგორც სახელოვნებო მოძრაობის წარმოშობა მჭიდ­როდ უკავშირდება დიდი ქალაქის განვითარებას, იგი რეაგირებს ქალაქზე, ქალაქური ცხო­ვრების სტილზე. ამრიგად, ექსპრესიონისტული მოძრაობის ცენტრები იყო : ბერლი­ნი, ლაიფციგი, პრაღა, ვენა, ციურიხი. ხელოვანები ცდილობდნენ თავიანთი შემოქმედე­ბის ფართო მასებისათვის გაცნობას. კინოსტილმა გადმოინაცლა ლიტერატურაშიც, შე­ი­ქმნა ახალი დრამატული ჟანრი- რადიოპიესა. კულტურა და ხელოვნება გახდა პოლიტი­ზე­ბუ­ლი; შემოქმედებზე და მათ მსოფლმხედველობაზე გავლენას ახდენდნენ სხვადა­სხვა პოლიტიკური პარტიები: კომუნისტური, ფაშისტური, ნაციონალისტური და ა.შ. ნა­წი­ლი მწერლებისა კი გაურბოდა პოლიტიკურ გავლენებს და იძულებით ემიგრაციაში მი­დიოდა, ამყარებდნენ კონტაქტებს უცხოელ ხელოვანებთან. მოხდა კულტურის გლო­ბა­ლიზაცია.
ინტელექტუალები, ხელოვანები, სტუდენტები ცდილობენ შექმნან კონცეფტები, თუ რო­გორი უნდა იყოს ახალი ყოფა. მათ მიზნად დაისახეს სხვადასხვა თეოსოფიური მო­დე­ლების განვითარებაში შეეტანათ წვლილი. გაჩნდა ქალთა მოძრაობები, ანარქის­ტუ­ლი, ოკულტისტური, სპირიტისტული საზოგადოებები, თავისუფალი ეკლესიები, სექ­ტე­ბი - ყველაფერი ეს უკავშირდება ბიურგერული ტრადიციებისგან, დომინანტური მა­ტე­რი­ა­ლი­ს­ტური სამყაროდან გამოყოფის სურვილს. (Bogner 2005: 55)
თანამედროვე, ტექნოკრატიული ცივილიზაცია სპობს ადამიანის სულიერებას, ადა­მი­ა­ნი გაუცხოვდა, დაკარგა ინდივიდუალურობა, დეგრადირდა. ხსნა კი ბიურგერული, მა­ტერიალისტური ცნობიერების, მოჩვენებითი წესრიგის განადგურებაშია. ახალ სამყა­როს ახასიათებს კოპლექსურობა, ტემპი, არასტაბილურობა, ფრაგმენტაცია. ამ ქაოსური სა­მ­ყაროს აღსაწერად კი ტრადიციული, მოძველებული სახელოვნებო წესები არ გამოდ­გე­ბოდა. ახალი სტილი იყენებდა უწესრგო, ულოგიკო წინადადებებს, ფოტოკოლაჟის და მონტაჟის ტექნიკას. შესამჩნევია გრამატიკული კონსტრუქციების, სინტაქსის რღვევა, ვი­ნაიდან ქაოსურობის ასახვას ქაოსური ენა სჭირდება.
ექსპრესიონიზმი უარს ამბობს ფსიქოლოგიზებულ ადამიანზე, აქ არ გვაქვს ინდივი­დე­ბი, თავიანთი იდივიდუალური ხასიათებით, არამედ კრებითი, განზოგადებული სა­ხე­ები. ბიურგერული ცნობიერება განწირულია, მას ბოლო მოეღება, ამიტომ არის ხშირი ექ­სპრესიონისტულ ხელოვნებაში აპოკალიფსური მომენტები. პროტესტის და ძველი ყო­ფის განადგურების სურვილიდან იბადება უტოპიური წარმოდგენა ახალ ქვეყანაზე, რო­მლის მახარობელი და წინასწარმეტყველი პოეტი უნდა იყოს. ახალ ქვეყანაზე თვით­და­მკვიდრებისათვის უნდა მოხდეს ძველი ადამიანის ახალი ადამიანით ჩანაცვლება. ამი­ტომაც, ცვლილება, ანუ მეტამორფოზა ("Wandlung") არის ექსპრესიონიზმის ძირითა­დი თემა.
ტექნიკურმა პროგრესმა, ქალაქის ინდუსტრიალურ-ეკონომიკურმა განვითარებამ გა­მო­იწვია ძირეული საზოგადოებრივი ცვლილებები. ადამიანმა დაკარგა სამყაროს მეტა­ფი­ზიკური არსის შეგრძნების უნარი. ექსპრესიონისტები აკრიტიკებენ, ეწინააღმდეგე­ბი­ან ცვალებად სამყაროს და წვლილი შეაქვთ ადამიანის შინაგან განახლებაში. ისინი უღ­რმავდებიან ადამიანის ქვეცნობიერს და თავს ესხმიან რაციონალიზმს, მეცნიერულ ეი­ფორიას, პროგრესულ აზროვნებას, ტექნიკურ უსაფრთხოებას, მომხმარებლურ საზო­გა­დო­ებას. ადამიანის მეტაფიზიკური რაობა პრობლემის წინაშე დადგა. მეცნიერების გა­ნ­ვითარებამ ჩაახშო სამყაროს შეცნობის ინტუიციური უნარი. ადამიანი გახდა სამსახუ­რის,  პროფესიის, ადმინისტრაციული საქმეების მონა, ეგრეთწოდებული ბიურგერი.
მაშასადამე, ექსპრესიოიზმი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც მოდერნიზაციის პრო­ცე­სების კრიტიკა.
დიდი, ხმაურიანი ქალაქის შედეგია უმიზნო, ორიენტირდაკარგული ადამიანი, რო­მე­ლიც განიცდის სულიერ კრიზისს. გაუცხოებაა სულის, გონის ადამიანსა და ბიურგე­რულ ცხოვრების სტილს შორის. ამ გაუცხოების შედეგად წარმოიქმნება კონფლიქტი  ჰუ­მანისტ, სულიერ ინტერესებზე ორიენტირებულ შემოქმედსა და დეჰუმანიზებულ, ინდი­ფე­რე­ნტულ ბიურგერს შორის. (Krause 2008:69)
ეს კონფლიქტი შეიძლება შეფასდეს , როგორც ბრძოლა მამებისა და შვილების თაო­ბებს შორის, მათი ღირებულებების ურთიერთდაპირისპირების გამო. ექსპრესიონისტი მწე­რ­­ლების უმრავლესობა ბიურგერული ოჯახებიდან იყვნენ, სწორედ მათმა მამებმა შე­ი­ტანეს წვლილი საფრანგეთზე გერმანიის გამარჯვებაში, გერმანიის გაერთიანებაში, ქვე­ყნის სწრაფ ეკონომიკურ- ინდუსტრიალურ განვითარებაში. მიუხედავად მათი ღვაწლ­მო­სილობისა და გავლენისა, ახალგაზრდები მიიჩნევდნენ, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძვე­ლ­მოდური მენტალიტეტი იმალება, "მამების" თაობისთვის მთავარია კანონი, სახელ­მ­წი­ფოს წინაშე ვალდებულებები. იგი ორიენტირებულია მხოლოდ მატერიალური დო­ვლათის დაგროვებაზე, კომფორტზე, მისთვის მიუღებელია სულიერი სწრაფვები: ხე­ლო­ვნება, ღმერთი. ამგვარ ბიურგერულ წესრიგთან დაპირისპირება მამათა თაობის­თ­ვის უზნეობას უტოლდება.
ექსპრესიონისტები ქმნიდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებს, სადაც ახალგა­ზ­რდა ხელოვანები ხვდებოდნენ ერთმანეთს და საკუთარ შემოქმედებას, ფილოსოფიურ ხე­დვას აცნობდნენ. 1909 წელს, ადრეული ექსპრესიონიზმის მნიშვნელოვანმა ფიგურამ, კუ­რტ ჰილერმა ბერლინში დააარსა "ახალი კლუბი" ("Neuen club"), რომლის წევრები იყ­ვნენ: იაკობ ვან ჰოდისი, გეორგ ჰაიმი, ერნსტ ბლასი. გამოიცემოდა მრავალი ექსპრესი­ო­ნი­სტული გაზეთი, ჟურნალი, რომელთაგან აღსანიშნავია 1910 წელს, ჰერვარტ ვალდე­ნის მიერ დაარსებული "შტურმი" ("der Sturm"), ფრანც პფემფერტის "აქციონი" ("Aktion"), სა­დაც აქტიურად ბეჭდავდნენ ავტორიტეტული ექსპრესიონისტი მწერლების, გოტ­ფ­რიდ ბენის, კარლ აინშტაინის, გეორგ ჰაიმის თხზულებებს. 1916 წლამდე შვეიცარიაში გამო­ი­ცე­მოდა "თეთრი ფურცლები" ("die weißen Blätter"), რომელთანაც თანამშრომლობ­დ­ნენ გოტრფიდ  ბენი, კარლ აინშტაინი, ფრანც ვერფელი, პაულ ცეხი. დაჯგუფებებს ქმნი­დნენ ექსპრესიონისტი მხატვრებიც. ცნობილი იყო მიუნხენში დაარსებული "ლუ­რ­ჯი მხედარი" ("der blaue Reiter"), რომლის წევრები იყვნენ ვასილ კანდინსკი, ფრანც მა­რკი, ავგუსტ მაკი, და "ხიდი" ("die Brücke"), წევრები: ერნსტ ლუდვიგ კირხნერი, კარლ შმიდტ-როთლუფი, ემილ ნოლდე. (Sörensen 2002:183)
ექსპრესიონისტულ მსოფლმხედველობაზე გავლენა იქონიეს  უდიდესმა ფილოსო­ფო­სე­ბ­მა. ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი მატერიალიზმის კრიტიკა ბეგ­რ­სონს და ფროიდს უკავშირდება, პესიმიზმი- შოპენჰაუერს, ხოლო ვიტალიზმი და ნიჰი­ლი­ზმი ნიცშეს უდიდეს გავლენას მიეწერება. ექსპრესიონისტულ იდეოლოგიაზე ასევე მნი­შვნელოვანი გავლენა იქონია ბელგიელმა მწერალმა მორის მეტერლინკმა (1862-1948), რომელიც უარყოფს არსებობის შესახებ მეცნიერულ პოზიტივისტურ დებულე­ბებს და ასახავს ადამიანის სულს, შინაგან სამყაროს, ეძებს ინდივიდებს. ფრანგი ფილო­სო­ფოსი ანრი ბერგსონი (1859-1941) სამყაროს არსის ახსნის მეცნიერულ-რაციონალურ სა­შუა­ლებებს უპირისპირებს სამყაროს შეცნობას ინტუიციის საშუალებით. ექსპრესიო­ნი­ს­ტული აზროვნების საკვანძო საკითხებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვენელმა ნე­ვრო­პათოლოგმა და ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939). ფროიდი უარყოფს ადა­მიანის ქცევების რაციონალურობას და ამბობს, რომ ადამიანის ქცევების ნაწილი მი­სი ქვეცნობიერიდან მოდის. ადამიანის ცხოვრება რაციონალურად ორგანიზებულია, ზე­და­პირზე არ არის გამოტანილი ამორალური ემოციები, ისინი ჩახშულია, ეს კი ინ­დი­ვიდს თრგუნავს. ფროიდთან ხაზი ესმება, რომ ადამიანის ქცევას არაცნობიერი ინსტი­ქტე­ბი უდევს საფუძვლად, რომ ადამიანი არაცნობიერი ქმედებების ჯამია, მასში ირაცი­ო­ნა­ლური სჭარბობს და ამ ფონზე ადამიანური ქმედებების რაციონალური მხარე ნივე­ლი­რდება. ფროიდის ფსიქოდინამიკაში ცენტრალურია არაცნობიერი, ლტოლვა, წინა­აღ­მ­დე­გობის პრინციპი.
მაშასადამე, ექსპრესიონისტული ფილოსოფიურ-იდეოლოგიური დებულებების ჩა­მო­ყა­ლი­ბებაში მთავარი წვლილი მიუძღვით მე-19, მე-20-ე  საუკუნის ავტორიტეტულ მო­ა­ზროვნეებს, ფილოსოფოსებს, ლიტერატურის თეორეტიკოსებს. აქვე აღნიშვნის ღი­რ­სია ხელოვნებათმცოდნე ვილჰელმ ვორინგერი (1881-1965), რომლის „აბსტრაქცია და გზნება/შეგრძნება“ („Abstraktion und Einfühlung“ ) (1908) ფართოდ არის რეცეფ­ცირე­ბუ­ლი ახალგაზრდა ავტორების მიერ. ეს ნაშრომი უარყოფს ნატურალისტური და მიმეტუ­რი ხელოვნების იდეალებს და არ არის ორიენტირებული გარე სინამდვილის ასახვაზე.  მსგავს პოზიციაზეა რუსი  მხატვარი, მწერალი და ხელოვნებათმცოდნე, აბსტრაქციონი­ზ­­მის ფუძემდებელი ვასილ კანდინსკი (1866-1944). თავის საპროგრამო ნაშრომში „ სუ­ლის ხელოვნების შესახებ“ („Über das geistige in der Kunst“) იგი მთლიანად უგულებელ­ყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეუ­ლი იმპულსების გამოხატვას, ახალმა ფერწერამ ხილულად უნდა აქციოს ის, რაც უხი­ლა­ვია (Bogner 2005:63). სწორედ ეს კანდინსკისეული სულიერი მდგომარეობის გამოხა­ტვა და არა სიუჟეტის მიმდევრობა გახდა ექსპრესიონისტული მწერლობის მთავარი ას­პექტი.

ახლა კი მიმოვიხილოთ ექსპრესიონისტული მიმართულებები. ექსპრესიონიზმი რთუ­­ლი და წინააღმდეგობებით აღსავსე მიმდინარეობაა. ავტორები პოლიტიკურ-იდე­ო­ლო­გიურად განსხვავდებოდნენ, იყვნენ ფუნდამენტალისტი კათოლიკეებიც, ანარქის­ტე­ბიც, მემარჯვენეებიც, კომუნისტებიც და ა.შ. პოლიტიკურად ანგაჟირებული მწერლე­ბის დიდი ნაწილი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში: ალფრედ ლიხტენშტაინი, ავგუსტ შტრამი, ერნსტ შტადლერი. ახალმა საომარმა აღჭურვილობამ გაამძაფრა ტყვეთა მი­მართ არაჰუმანური, პირუტყვული მოპყრობები. მოგვიანებით მწერლებმა გააანალიზეს, რომ ომი, ეს „სიკვდილის მანქანა“ ვერ იხსნის კაცობრიობას... ამგვარი სინანულის ბრწყი­ნ­ვალე ნიმუშია ერნსტ ტოლერის ავტობიოგრაფიული ტექსტი „ახალგაზრდობა გე­რმანიაში“ (1933), („Eine Jugend in Deutschland“), რომელშიც მწერალი აღწერს 1910 იანი წლე­ბის ომის რეალობას:

„ვდგავარ საფლავების წინ. ვთხრი მიწას... ფოლადის წვერს ხვდე­ბა რაღაც და ვხედავ, რომ ეს არის ადამიანის ნაწლავი...მკვდარი მარხია აქ... მკვდარი ადამიანი... -არ აქვს მნიშვნელობა მის ეროვნებას, მწერლის აზრით მთავარი ის არის, რომ „ყველა ეს მკვდრები არიან ადამიანები; ისინი ისე სუნთქავდნენ ერთდროს, როგორც მე. ყველა ამ მკვდარს ყავდა მამა, დედა, ცოლები-რომლებიც უყვარდათ, მიწა-რო­მელზეც გაიზარდნენ, სახეები- რომლებიც თავიანთ სიხარულს და ტანჯვას გამო­ხა­ტავდნენ, თვალები-რომლებიც ცას და სინათლეს ხედავდნენ... ამ წუთას შევიცანი, რომ ბრმა ვყოფილვარ, რადგან თავი დავიბრმავე. ახლა უკვე საბოლოოდ ვიცი, რომ ეს მკვდრე­ბი, ფრანგებიც და გერმანელებიც ძმები იყვნენ და მეც მათი ძმა ვარ.“(Anz 2002:66)



No comments:

Post a Comment